სექსუალური შევიწროება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში და, როგორც წესი, ქალების მიმართ ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს „ქალთა ფონდის“ კვლევის შედეგებში. ტრანსპორტში „განსაკუთრებული შეხება“, ზედმეტი სიახლოვე, ქუჩაში მიმავალი გოგონას მისამართით სტვენა, სასწავლო და სამუშაო ადგილებში სექსუალური ხასიათის შეთავაზებები, კითხვები ან კომენტარები, დაჟინებული მზერაც კი – ეს ყველაფერი „სექსუალურ შევიწროებას“ წარმოადგენს.
ამ პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დოკუმენტურ პიესაში ითამაშა შვიდმა ქართველმა ქალმა — პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, პოლიტიკოსმა ხათუნა სამნიძემ, მუსიკოსმა ნინა სუბლატმა, იურისტმა თამარ გურჩიანმა, ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ, რეჟისორმა და მწერალმა ნანა ექვთიმიშვილმა, ჟურნალისტმა და მწერალმა ნესტან კვინიკაძემ. დრამა „შვიდი“ უკვე დაიდგა მსოფლიოს 32 ქვეყანაში.
პიესა შვიდი ქალის ისტორიაა, რომლებმაც თავისი ცხოვრება გენდერული ნიშნით შევიწროების, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. თბილისში დადგმა რეჟისორმა სალომე ჯაშმა განახორციელა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეები ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქუიკი:
— 25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო 16-დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც შვედეთის მხარდაჭერით და დაფინანსებით ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაცია „ქალთა ფონდი“. დოკუმენტური პიესა „შვიდი“, ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სპექტაკლში შვიდი ქართველი ცნობილი ქალი მონაწილეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ძირითადად ქალები არიან სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლი.
მთელ მსოფლიოში და შვედეთშიც გავრცელებულია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, თუმცა ჩვენთან ამ საკითხებზე უფრო მეტს საუბრობენ. როცა ეს საჯარო ხდება და ამ კამპანიაში პრესა, თავისუფალი მასმედია ერთვება, მაშინ ძალადობის დაძლევა უფრო ადვილია.
ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ამ სპექტაკლში კითხულობდა კამბოჯის ქალთა საკითხების მინისტრის მუ სოჩუას ისტორიას:
— ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და მარტო განვითარებად ქვეყნებს არ ახასიათებს. სპექტაკლში წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის — კამბოჯის, გვატემალის, ნიგერიის, რუსეთის… ქალები. როცა უცხოეთში ჩავდივარ და თუნდაც პირველი პირების ცოლებს ვხვდები, ყველა ამას ამბობს. გერმანიაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ სისტემა კარგად მუშაობს, მითხრეს, რომ მათაც აქვთ ეს პრობლემა, ესე იგი, ბრძოლა საჭიროა.
ქალი დღემდე იბრძვის იმისთვის, რათა დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს მას, მის შვილებს, მის შვილიშვილებს და მომავალს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ჩართვაც აუცილებელია. ყველა მონაწილე მთელი გულით, მთელი ძალით, რა სახითაც შეიძლება, ასეთ აქციაში მონაწილეობის მიღებას ვცდილობთ, და არა მარტო აქციაში. ყოველთვის შეიძლება ჩახვიდე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ვინაიდან უსამართლობის წინაშე და წინააღმდეგ ხმის ამოღება აუცილებელია.
პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად იმიტომ გამოაცხადა, რომ, შეიძლება ითქვას, ცოლების და ყოფილი ცოლების მკვლელობები სერიულად ხდებოდა. ეს იყო კატასტროფა, საშინელება და ამას ბოლოს არ უჩანს. ამ პრობლემის აღმოფხვრას ყველა უნდა ვეცადოთ და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, არა მარტო ქალი, უკეთესია.
სპექტაკლის მონაწილე, ფოტოგრაფი ანა გოგუაძე:
— კამპანიის შინაარს აბსოლუტურად ვიზიარებ, ვინაიდან ეს პრობლემა მართლაც დგას საქართველოში. ჩვენ ვყვებოდით სხვა ქალბატონების რეალურ ამბებს, თუმცა საზოგადოება ვერ იფიქრებდა, რომ ეს სხვისი ამბავი იყო. დღეს ჩვენი საზოგადოება თითქოს მზად არ არის, ამ საკითხებზე ბევრი ქალბატონი ღიად არ საუბრობს, ხელოვნება კი მაყურებლის ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ვიმედოვნებ, რომ დღეს დარბაზიდან გასული მაყურებელი სხვანაირად დაიწყებს ფიქრს და გააცნობიერებს, რომ სხვისი პრობლემა მისი პრობლემაა.
სპექტაკლის მონაწილე, მუსიკოსი ნინა სუბლატი:
– ამ პროექტში მონაწილეობის მიღება მიმზიდველია, იმიტომ რომ ქალი ვარ და ამავე დროს ფემინისტი. მსურს, რომ ჩვენ ქვეყანაში ქალბატონებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ და სანამ წარმატებამდე მივალთ, გვინდა ხმა მივაწვდინოთ ძალადობის და შევიწროების მსხვერპლ ქალებს, მათ, ვისაც თავისუფალი ცხოვრების, ხმის ამოღების საშუალება არ აქვს. გვინდა ვუთხრათ — ეს ტაბუდადებული საკითხი არ არის, რომ ეს მსოფლიო მასშტაბით ხდება და ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. მინდა ჩემ თაობაშიც გავახმაურო ეს თემა და მსურს ამ ქალებმა ხმა ამოიღონ, ისაუბრონ და ეს პრობლემები მოაგვარონ.
***დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“, განხორციელდა საქართველოს „ქალთა ფონდის“, შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.