თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად 8 და 30 ოქტომბერს ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მოიპოვა.
„საქართველოს ოპოზიციური პარტიები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვაფასებთ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯებულ იქნა ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ ასახავს ადეკვატურად საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს და არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, რათა გამოვლინდეს და გამოძიებულ იქნას კონკრეტული დარღვევები, კერძოდ, გაიხსნას და ხელახლა დაითვალოს ხმები სადავო უბნებზე და დაისაჯონ დამნაშავეები.
გარდა ამისა, ოპოზიციონერები უკმაყოფილო არიან იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ განახორციელა საარჩევნო რეფორმა და არ გააუქმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფალი საქართველო“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „თავისუფლება“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით).
სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი). კიდევ 71 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული ოლქებიდან მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უცხოელმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორ დემოკრატიული და აღნიშნეს, რომ ის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა და ხალხის ნებას გამოხატავდა.