თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, სათანადო რეაგირება მოახდინონ იმ დარღვევებზე, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლინდა, განაცხადა ქვეყნის მეთაურის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩევნების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ასევე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის, გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, რათა მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და არჩევნების უკეთ ორგანიზება“, — აღნიშნა მიშველაძემ.
ეკა მიშველაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას მოიწვევს, რომელსაც თავად გახსნის და სიტყვით მიმართავს დეპუტატებს.
პრეზიდენტივე დანიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას მას შემდეგ, რაც უსკო ასევე გამოაქვეყნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.