ჯოზეფ სმიტი: მე ბრიტანელის სხეულში ჩასახლებული ქართველი ვარ

© Sputnik / Levan Avlabreliჯოზეფ ალექსანდრ სმიტი
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ლონდონელ ჯოზეფ ალექსანდრ სმიტს გაგაცნობთ, რომელიც უკვე ოთხი წელია თბილისში ცხოვრობს. ის ჟურნალისტია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. ბრაზობს, როცა ეკითხებიან, საქართველო თუ გიყვარს, ან ხაჭაპური თუ გაგისინჯავსო.

ქართველი სმიტი

გაგიკვირდებათ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდეც ვამბობდი, ქართველი ვარ-მეთქი. რატომ? 2000-იანების დასაწყისში ეგვიპტეში ვცხოვრობდი, კაიროში. იქ კი ანგლოსაქსებს მაინც და მაინც არ სწყალობენ. ამიტომ, ვინაიდან მსმენოდა, რომ სადღაც არსებობდა ქვეყანა საქართველო (თანაც „ვარდების რევოლუციისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახელისთვისაც მქონდა ყური მოკრული), რომელიც არავის ეომებოდა, თავს ქართველად ვასაღებდი.

მერე, 2008-ში სიტყვა „საქართველო“ მთელმა მსოფლიომ კი გაიგო, მაგრამ აქ ჩამოსვლამდე მის შესახებ მაინც არ ვიცოდი ბევრი არაფერი.

© Sputnik / Levan Avlabreliჯოზეფ ალექსანდრ სმიტი
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - Sputnik საქართველო
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი

პირველად 2011 წელს ვეწვიე თქვენს ქვეყანას ტურისტის რანგში და მაშინვე მომინდა მისი ახლოს გაცნობა. საქართველომ მაშინვე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თუნდაც იმით, რომ ნოემბერი იდგა, მაგრამ გარეთ ჯერ ისევ ანათებდა მზე და სასიამოვნოდ თბილოდა. ლონდონში კი თბილი ზამთარი არ არსებობს — ის ყოველთვის თოვლიან-ყინვიანია, შემოდგომა — ძალიან წვიმიანი.

საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და უაღრესად საინტერესო და უნიკალურ ანბანს გადავაწყდი, აღმოვაჩინე განსაკუთრებულად გემრიელი სამზარეულო და, რაც მთავარია, ხაჭაპური.

მოკლედ, საქართველო ისე მომეწონა, რომ აქ ცხოვრება მომინდა…

თავიდან სამუშაოს პოვნა გამიჭირდა, მერე კი ინგლისური ენის პედაგოგად დავიწყე მუშაობა თბილისის ერთ-ერთ ენის ცენტრში.

ჟან-ფრანსუა ჟიუნო - Sputnik საქართველო
ჟან ჟიუნო: ეს წარმოუდგენელია — შეგიძლია XII საუკუნის ტაძარი ნახო საკუთარი თვალით

განსაკუთრებული კულტურული შოკი არ განმიცდია, იმიტომ რომ მანამდე ეგვიპტის გარდა სირიაშიც ვცხოვრობდი, აზერბაიჯანშიც, ლიბანშიც და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებშიც.

შოკი იცით, რისგან დამემართა? როცა ჩემმა აქაურმა შეფმა სამსახურის შემდეგ რესტორანში დამპატიჟა და იქ ორივე გვარიანად გამოვთვერით. ინგლისელისთვის, ცოტა არ იყოს, რთული წარმოსადგენია საკუთარ შეფთან ერთად მაგიდასთან ჯდომა და ქეიფი.

ქართული ჟურნალისტიკა

განათლებით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ საქმიანობას ხელი პირველად სწორედ აქ, საქართველოში მოვკიდე, აქ შევძელი ჩემ სფეროში რეალიზება. თავიდან საიტებზე ვაქვეყნებდი რაღაც სტატიებს საქართველოს შესახებ, მერე კი თანდათანობით გადავინაცვლე ბეჭდვით მედიაში და ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, მაგალითად, Georgia Today-ში „შევაღწიე“. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და საქართველოს შესახებ უკვე საერთაშორისო ფორმატში დავიწყე წერა The Guardian-ისთვის.

© Sputnik / Levan Avlabreliჯოზეფ ალექსანდრ სმიტი
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - Sputnik საქართველო
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი

მოგვიანებით რადიოჟურნალისტიკასაც მოვკიდე ხელი. არ იცით, როგორ მეძვირფასება რადიოეთერისთვის გაკეთებული ჩემი პირველი ჩანაწერი. მაშინ ლაგოდეხში მოთარეშე ბრაკონიერებზე და უკანონო ნადირობაზე ვამზადებდი მასალას გერმანულ საერთაშორისო რადიოსადგურ Deutsche welle-სთვის. 

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: რომელიღაც მიყრუებული სოფელი, დილის 6 საათი, შარა-შარა მოარული ვიღაც უცხოელი, რომელიც ადგილობრივებთან გამოლაპარაკებას ცდილობს. თანაც მაშინ მე ქართული არ ვიცოდი ხეირიანად, სოფლის მოსახლეობამ კი — ინგლისური. ხალხს ვიღაც შეშლილი ვეგონე, გაოგნებულები მიყურებდნენ, ნეტავ ეს კაცი აქ საიდან მოხვდაო, ფიქრობდნენ. მაგრამ მასალა მაინც კარგი გამოვიდა. ჟურნალისტისთვის კი სწორედ ესაა მთავარი.

პაბლო ფერარი თელავთან ახლოს - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი: დღემდე მიჭირს იმის აღქმა, რამდენად ძველია საქართველო და თბილისი

რადიოში დღემდე ვმუშაობ. ორშაბათობითა და ოთხშაბათობით ინგლისურ ენაზე მიმყავს გადაცემა სახელწოდებით Life and Five რადიო „ჯიპაში“. გადაცემის მთავარი თემა საქართველოსა და თბილისში მიმდინარე კულტურული ღონისძიებებია, თუმცა ექსპერტებთან და გადაცემის სტუმრებთან ერთად ხშირად იმ თემებსაც ვიხილავთ, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას აღელვებს.

მშობლიური თბილისი

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელსაც მე ვუძღვებოდი – თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დაწერილი სტატიები იყო. პოპულარული ბრიტანული ჟურნალისთვის World of Interiors-ისთვის დავწერე წერილების ციკლი და მკითხველებს თბილისის ისტორიულ შენობებზე ვუამბე. ამასობაში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ისეთი ისტორიები მოვისმინე, სხვაგან რომ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მსმენია და წამიკითხავს. საწყენია, რომ ეს მართლაც უნიკალური ისტორიები არც ერთ ტურისტულ გზამკვლევში არ არის შესული. ეს ისეთი ამბებია, ერთიორად რომ დააინტერესებდა და მოხიბლავდა ადამიანებს. 

© FB/ Joseph Alexander Smithჯოზეფ ალექსანდრ სმიტი აქციაზე
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი აქციაზე - Sputnik საქართველო
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი აქციაზე

ზაფხულობით, საკუთარი სიამოვნებისთვის, გიდად ვმუშაობ და ტურისტებს თბილისს ვათვალიერებინებ. მომწონს ეს საქმე და მინდა, რომ ერთხელ ჩამოსული ადამიანები კვლავაც და კვლავაც დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, იმიტომ რომ თბილისს მშობლიურ ქალაქად აღვიქვამ.

ქართული ენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია მათ შორის, რომელიც კი ოდესმე შემისწავლია. მიმაჩნია, რომ სადაც ცხოვრობ, იმ ქვეყნის ენა აუცილებლად უნდა იცოდე. ჰოდა, მეც ჩავუჯექი. დღემდე ვსწავლობ ქართულს და ვხვეწ მას. ეს თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა, ელემენტარულად, სამსახურში მოწყობაშიც ეხმარება ადამიანს, საზოგადოებასთან შერწყმაშიცა და აქტიურ მოქალაქეობაშიც.

იცით, ქართულის ცოდნა პირადად ჩემთვის თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ იოსებ გრიშაშვილის წიგნი „ძველი ტფლისის ლიტერატურული ბოჰემა“ წამეკითხა. ამ წიგნმა კიდევ მეტად შემაყვარა თბილისი.

აქტიური ქალაქელი

თბილისში გზებზე საშინელი ვითარებაა. მძღოლები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მოძრაობის წესებს და წამდაუწუმ ქმნიან ავარიულ სიტუაციას. ამიტომაც ძალზე გახშირდა ავტოავარიები, მათ შორის, ქვეითად მოსიარულეთა მონაწილეობით.

ამას ყველაფერს ემატება უამრავი მანქანის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება და მეც სასწრაფოდ ჩავერთე მოძრაობაში „იარე ფეხით!“

ჩვენ საპროტესტო აქციებს ვატარებთ ხოლმე და მთავრობისგან გზებზე მოძრაობის მოწესრიგებას მოვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნებია — ტროტუარებზე პარკირებისთვის სანქციების გამკაცრება, ჯარიმების გაზრდა და ეგრეთ წოდებული „უკონტაქტო პატრულირების“ დანერგვა, ასევე სხვა ღონისძიებები.

ჩემი საქართველო

რატომღაც ტაქსის ყველა მძღოლი მეკითხება, გამისინჯავს თუ არა ხაჭაპური. ოთხი წელია აქ ვცხოვრობ და, აბა, არ მექნება ნაჭამი?

ხან იმასაც მეკითხებიან, საქართველო თუ გიყვარსო? უცნაური შეკითხვაა. რახან საცხოვრებლად ავირჩიე, ესე იგი, მიყვარს.

იცით, ამ ქვეყანასთან მე ბევრად მეტი მაკავშირებს, ვიდრე ხაჭაპური და ღვინო. ეს ღრმა, მისტიკური კავშირია. მომწონს და მხიბლავს ქართველების გულღიაობა, სტუმართმოყვარეობა და სითბო.

საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა და ასე მგონია, მეც ქართველი ვარ, ოღონდ ბრიტანელის სხეულში ჩასახლებული!

ყველა ახალი ამბავი
0