თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაში ჩართვისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრი აკრიტიკებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს. განსაკუთრებული უკმაყოფილება ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია ჯეჯელავას მოსაზრებამ იმის თაობაზე, რომ ქართულმა ზღაპრებმა და მულტფილმებმა აქტუალობა დაკარგა.
„მოგიწოდებთ, აქტიურად გამოთქვათ თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყვნენ ჩვენი ახალი გმირები. სად არის ის ზღაპრები, სადაც პატიოსანი შრომით მიიღწევა კეთილდღეობა, სადაც გვერდში დგომით და ერთობით და საერთო პასუხისმგებლობით ვაღწევთ შედეგს? და ეს არის მთავარი შეკითხვები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სახალხო განხილვაში ყველა ჩაერთვება“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავა ასევე გამოეხმაურა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას, რომელმაც მინისტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ, ჯეჯელავას აზრით, ბავშვებმა სკოლაში ნაკლებად უნდა იზეპირონ და მეტი უნდა იფიქრონ.
„როდესაც ვთქვი, რომ საზეპირო ნაკლები უნდა იყოს-მეთქი, პირდაპირ „ვეფხისტყაოსნის“ სიძულვილში დამდეს ბრალი. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან მიყვარს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ზეპირადაც ვიცი და ხშირ-ხშირადაც ვკითხულობ. თუმცა ამ ხალხს, ვისაც ეს არ მოეწონა, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ მინისტრის პირადი შეხედულების მიხედვით, მას, სანდრო ჯეჯელავას უყვარს თუ არა „ვეფხისტყაოსანი“, ან ქიმია, ან მათემატიკა, ამით უნდა გადაწყდეს ჩვენი განათლების სისტემის ბედი“, — აღნიშნა მინისტრმა.
სკოლა უნდა იყოს პიროვნების აღზრდის ადგილი, სადაც აქცენტები უნდა გაკეთდეს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე და ურთიერთობებზე და არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე. პატრიოტიზმი, სოციალური პასუხისმგებლობა, სიკეთე — ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა, ხოლო ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურისა და უცხო ენის ცოდნას მოევლება, მიიჩნევს მინისტრი.
კონკრეტული საგნის სასწავლო პროგრამა, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს საქმეა, მაგრამ მთავარია აქტიური დებატების წარმართვა იმის შესახებ, თუ რა ფასეულობები უნდა გააჩნდეთ ბავშვებს, აღნიშნა ჯეჯელავამ.
„მე ვარ დაქირავებული მოხელე, ამ შემთხვევაში, მენეჯერი, რომელმაც უნდა მიაღწიოს იმას, რომ სისტემა დაიხვეწოს და სისტემა წავიდეს წინ… მთავარია, როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა და რა დასჭირდება ამ მოქალაქეს თავის ზრდასრულ ცხოვრებაში. ჩემი პირადი შეხედულებები არანაირ გავლენას არ მოახდენს სასწავლო პროგრამის ფორმირებაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია შეეძლება“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი მიესალმება ოპონენტების მოსაზრებას, მაგრამ არ აპირებს იმ სკეპტიკოსების მოსმენას, რომლებიც გამუდმებით ამტკიცებენ, რომ არაფერი გამოვა.