თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა კრიტიკას, რომელიც ქართული ზღაპრებისა და მულტფილმების შეცვლის იდეის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ მოსწონს მას ქართული ხალხური ზღაპარი „კომბლე“, მინისტრმა უპასუხა, რომ მთავარი გმირი კომბლე ცუდი წყემსია: მას სულ ორი ცხვარი ჰყავს და იმის მაგივრად, რომ მათ მოუაროს, ის სულ კომბლეებს თლის.
„მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი. ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს… მთელმა საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას“, – განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ძველი ზღაპრები და მულტფილმები იმ დროს შეესაბამებოდა, როცა შეიქმნა. გმირები, ზღაპრები, საბავშვო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, სასკოლო პროცესი – ყველაფერი თავიდან უნდა შეიქმნას.
„ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე — ჩვენი ერი, ცნობიერება და ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.