თბილისი, 10 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თვლის, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია. მინისტრმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ ზღაპრების მთავარი გმირები ბავშვებზე უდიდეს გავლენას ახდენენ, ამიტომ ისინი სწორად უნდა იქნას შერჩეული.
”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული… რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს",- განაცხადა ჯეჯელავამ რადიო "პალიტრას" ეთერში.
წამყვანის კითხვაზე, კონკრეტულად რა არ მოსწონს მას, მაგალითად, ქართულ ზღაპარ "კომბლეში", მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ცუდი მწყემსია, რომელიც თავის საქმეს არ ასრულებს, ცხვრებს კი არ უვლის, მხოლოდ კომბალს თლის, ამიტომაც მხოლოდ ორი ცხვარი ჰყავს.
მისი თქმით, ძველი ზღაპრები და მულტფილმები იმ დროს შეეფერებოდნენ, როდესაც შეიქმნენ.
"სუპერმენი" და "სპაიდერმენი" სულაც არ არის სასაცილო. ისინი ბავშვებისათვის მასწავლებლები, გმირები არიან", — ხაზი გაუსვა მინისტრმა.
გმირები, ზღაპრები, საბავშვო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, სასკოლო პროცესი-ყველაფერი ხელახლა გასაკეთებელია. სკოლა-აღზრდის იარაღია, და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი, აღნიშნა ჯეჯელავამ.