თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს საბავშვო ბაღები საკუთარ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, ბავშვებს კი „მაშა და დათვი“ ზრდის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ საბავშვო ბაღებს ცვლილებები ესაჭიროება და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სათანადო დონეზე აიყვანოს.
„სკოლამდელ განათლებაში ერთი დიდი სიცარიელე გვაქვს. ერთი მხრივ, არის „სიჩუმის გაკვეთილები“, მეორე მხრივ კი ჩვენს შვილებს „მაშა და დათვი“ ზრდის“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრს მიაჩნია, რომ მართებული იქნება, თუ რეგიონებში, საბავშვო ბაღების კვალდაკვალ, სკოლებიც მუნიციპალიტეტებს დაექვემდებარება.
„ძალიან ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ბაგა-ბაღები მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებიან. თუ გვინდა, რომ ევროპულ დემოკრატიად ვიქცეთ, სკოლებიც მუნიციპალიტეტებთან უნდა წავიდეს. სწავლის სტანდარტი ჩვენი იქნება, თუმცა დანარჩენი — მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელი“, — განაცხადა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ახლა რაიონულ ადმინისტრაციებში სწავლობენ, როგორ გადაჭრან პრობლემები საბავშვო ბაღებში, რის შემდეგაც უკვე სკოლებთან მუშაობასაც შეძლებენ.
„რომელიღაც სკოლას რომ სახურავი არ უვარგა რეგიონში, მე კი არ უნდა მეძებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად, იქვე, მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს. თუ იმ მუნიციპალიტეტის გამგებლის შვილიც იმ სკოლაში სწავლობს, პრობლემა კიდევ უფრო მალე მოგვარდება“, — დასძინა მინისტრმა.