თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მომავალ შემადგენლობაში მინისტრების უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა.
საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა.
„ჩემი, როგორც მომავალი მთავრობის მეთაურის უმთავრესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და, ამავდროულად, უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება… დღეს, როდესაც მსოფლიოში მოვლენები სწრაფი ტემპებით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ჩვენ წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები და ჩვენ ვალდებული ვართ, ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით ვუპასუხოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას.
პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მან დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს.
ეკონომიკის სამინისტროს ბიზნესმენი გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს — ზურაბ ალავიძე.
ცვლილება შეეხება ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ამ უწყებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი და ყოფილი დეპუტატი ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს. მისი წინამორბედი დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდება.
კახა კალაძე დაუბრუნდება ვიცე-პრემიერობასა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას. ილია ელოშვილი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კახა კალაძეს მინისტრის პოსტზე ცვლიდა, კალაძის მოადგილე გახდება.
კვირიკაშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებისა და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი 12 წევრი ახალ მთავრობაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს.
კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებს ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილს. ისინი მთავრობაში აღარ იქნებიან, მაგრამ მმართველი პარტიის გუნდში რჩებიან.
ახლა მინისტრთა ახალი კაბინეტი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.