თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს, იუწყება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა.
საქართველოს მთავრობას, პრემიერ კვირიკაშვილის მეთაურობით, უფლებამოსილება პარასკევს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა.
პრეზიდენტის განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა. ახალ მთვრობაში ის რიგ ცვლილებებსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემცირებას გეგმავს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 115 ადგილი და შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.