თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დავა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განხილვა დაიწყება. სასამართლოს კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს.
ადვოკატები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმის სასამართლოს ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას.
ტელეკომპანიის იურისტები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასაც ითხოვდნენ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მას მხარეები არ დაესწრებიან.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა.
„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის მაყურებლებს, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას შვილების, ქვეყნის მომავლის წინაშე — დაიცავით „რუსთავი 2“! ჩვენ არ შევიცვლით სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად, იმიტომ რომ ეს ჩვენი არჩევანია“, — განაცხადა გვარამიამ Rustavi2-ის
გვარამია იმედს იტოვებს, რომ მოსამართლეებში საღი აზრი გაიმარჯვებს. მან მხარდამჭერებს 14:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა – არ დათმონ „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ სასამართლო განხილვები ერთ წელზე მეტია გრძელდება. „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებას ცდილობს. ორ ინსტანციაში მან საქმე მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ტელეკომპანიის დროებითი მმართველებიც კი დანიშნა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს განაჩენი ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი გაუქმდა.
ამჟამად „რუსთავი 2“-ის მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), „ტელეკომპანია საქართველო“ (51%) და ნინო ნიჟარაძე (9%).