თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ 2010 წლის თებერვალში გაფორმებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის მფლობელი 2004-2006 წლებში არა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, არამედ საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია.
ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე საკუთარი უფლებების აღდგენას 2015 წლის აგვისტოდან ცდილობს. ის ირწმუნება, რომ 2004-2006 წლებში ტელეკომპანიის მფლობელი იყო, რის შემდეგაც მას და მის კომპანია შპს „პანორამას“ უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. თბილისის საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანეს. დღეს „რუსთავი 2“-ის საქმე უზენაეს სასამართლოშია.
„მხარეები ირწმუნებიან, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის დახმარებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი იყიდა, გარიგება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფინანსდა. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანიის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ ფიგურას წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა“, — ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში, რომელზეც ხელი ოქრუაშვილსა და ხალვაშს აქვთ მოწერილი, ნათქვამია, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული ყველაფერი, თავდაცვის ექს-მინისტრის კუთვნილებაა.
"შესაბამისად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთან შემძენ კომპანიებზე, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს," — წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხალვაში ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არანაირ საქმეს არ აწარმოებს.
ტელეკომპანიის იურისტებმა აღნიშნული დოკუმენტი უზენაეს სასამართლოში უკვე წარადგინეს.
„ეს ახალი მტკიცებულებაა, რომელიც ჩვენ უზენაეს სასამართლოში უკვე წარავდგინეთ. „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დავა აზრს კარგავს, რადგანაც ტელევიზია ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა გაასაჩივროს ტელეკომპანიის მფლობელობაზე უფლება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სიტყვებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა დოკუმენტის ავთენტურობაზე საუბრობს. ის, რომ დოკუმენტი 2010 წელს ბერლინში გაფორმდა, თავად თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომელიც სასამართლოში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
ხალვაშის ადვოკატიპაატა სალიას ეჭვი ეპარება დოკუმენტის ნამდვილობაში. საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა შეიძლება ექსპერტიზით დადასტურდეს.
ამასთან, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კავშირში ადანაშაულებს.
უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეს აღნიშნულ დოკუმენტს დაურთავს თუ არა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორშაბათს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღოს თუ არა.
რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო დავამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლას უწოდებს.
მმართველი კოალიციის დეპუტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“ არაობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს.
2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომხ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადაეცა.