თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ურთიერთობების მოგვარება საქართველოსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაემგზავრა.
„როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები. ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩვენ შეხვედრაზეც. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს“, — განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს იუბილე ქართველი ხალხის სახელით მიულოცა და აღნიშნა, რომ ასეთი თარიღების აღნიშვნისას ყოველთვის განვლილი გზის ანალიზი ხდება.
„მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან. მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!“ — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მშვიდობიანი თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის ადგილი უნდა იყოს, ხოლო დაპირისპირებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს, შეიძლება, გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
„მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია“, — განაცხადა კათოლიკოსმა.
გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს, ამის შემდეგ კი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. თბილისში მისი უწმინდესობა 25 ნოემბერს დაბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. რუსეთის საპატრიარქოს აზრით, პოლიტიკური საზღვრების შეცვლა ეკლესიის კანონიკური საზღვრების ცვლილებას არ ნიშნავს.