მარგველაშვილი: აფხაზები და ქართველები მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე უნდა საუბრობდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზური ენის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აფხაზური კულტურისა და იდენტობის საფუძველია.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ.

„ჩვენ აფხაზ თანამემამულეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი მრავალფეროვანი საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია. ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას — აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველს“, — აღნიშნულია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ მილოცვის ტექსტში.

აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეა. მინდა ჩვენმა აფხაზმა ძმებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფვით დღეს, როდესაც საერთო მომავლის სახელით შევძლებთ დავძლიოთ წარსულის მტკივნეული ტრავმები და ერთ — მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა

აფხაზური ენა კავკასიურ ენებს მიეკუთვნება, რომლის დამწერლობაც სათავეს 1928 წლიდან იღებს. თავდაპირველად ამისთვის ლათინური, ხოლო შემდეგ ქართული ანბანი გამოიყენებოდა.

1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.

2007 წელს ანტვერპენში (ბელგია) გამართულ დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გადაწყდა, რომ აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს იმ ქვეყნებში აღინიშნოს, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0