თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს, რომლებიც ფიგურირებენ საქართველოში გაზსადენის აფეთქების მომზადების საქმეში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სასამართლოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) 22 აგვისტოს განაცხადა, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტი და დააკავა შვიდი ადამიანი, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები გაზსადენის აფეთქებას აპირებდნენ, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
„სასამართლომ 5 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლა ლევან მამფორია, ხოლო ირაკლი ბაღიშვილი — 4 ათასი ლარის გირაოთი. ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა. მორიგი სხდომა 30 ნოემბერს ჩატარდება“, — განაცხადა სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
მამფორიას, რომელიც დაკავების დროს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ხოლო ირაკლი ბაღიშვილს — დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანარჩენები — ბექა ბექაური, ნური ჭკადუა, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე და ჯაბა მელქაძე ბრალდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: ტერორისტული აქტის მომზადება პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ბექაურის ადვოკატმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მან ბრალი აღიარა, მაგრამ მოგვიანებით ბრალდებულის ნათესავებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
ჭკადუამ ბრალი მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვაში, ტარებაში, დამზადებაში, გადაზიდვაში აღიარა.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან. ამ მიზნის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 აგვისტოს გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.
როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.
სუს-მა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მომზადების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ვლადიმერ რუხაძე იყო, რომელიც უკრაინაში მამაკაცებს კრებდა, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა სურდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასაკმარის მტკიცებულებებზე მიუთითეს და მომხდარის ოფიციალური ვერსიის მიმართ ეჭვები გამოთქვეს.