თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოში რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მომზადების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.
სუს-ის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს (ბექა ბ., ვლადიმერ რ., მინდია ვ., ჯაბა მ. და ნური ჭ., ლევან მ. და ირაკლი ბ.). დაკავებულები აპირებდნენ გაზსადენის აფეთქებას, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება.
„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, იმართებოდა თუ არა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, — განაცხადა მოთიაშვილმა.
ამასთან, ქართული გაზეთის „ქრონიკა+“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, პოლიციის თანამშრომელი ლევან მ. (მამფორია) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ახლო ნათესავია. ეს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მამფორია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით არის დაკავებული.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან. ამ მიზნის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 აგვისტოს გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.
როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.
ეს არსენალი ბოროტმოქმედებმა მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
ამის შემდეგ გამომძიებლებმა დაათვალიერეს სამალავი, საიდანაც დამატებით ამოღებულია 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: ტერორისტული აქტის მომზადება პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დანაშაულის შეუტყობინებლობა.