საქართველოში რუსეთი-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

© photo: courtesy of Gazprom Armeniaგაზსადენი მილი
გაზსადენი მილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან.

გარდა ხუთი ადამიანისა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი და კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: ტერორისტული აქტის მომზადება პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0