თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალდებულ დავით ბორჩაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანკისის ხეობის მკვიდრი დავით ბორჩაშვილი 2015 წლის ნოემბერში დააკავეს სტამბულიდან თბილისში დაბრუნებისას. მას ბრალი „ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში“ სსკ-ს 327 მუხლით წაუყენეს.
„უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია — „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში“, — ნათქვამია პროკურატურის შეტყობინებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჩაშვილი 2015 წლის ნოემბერში ორჯერ დააკავა. პირველად იგი თურქეთში დააბრუნეს, საიდანაც დეპორტირებული იყო, მეორედ კი რამდენიმე საათში როცა ის კვლავ თბილისში გამოამგზავრეს. საქართველოში ჩამოსვლის დროს ბორჩაშვილი ფეხში იყო დაჭრილი.
ბორჩაშვილი თურქეთში 2014 წელს სამუშაოდ გაემგზავრა და იქიდან სირიაში გადავიდა.