დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს დაემშვიდობა

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილის უფლებამოსილება მას შემდეგ ამოიწურება, რაც ქვეყნის ახალ პარლამენტს დაამტკიცებენ. პოლიტიკოსი მოღვაწეობის გაგრძელებას ოპოზიციაში აპირებს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს ამ რანგში ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ ახლად არჩეულ პარლამენტს აქვს საშუალება, იყოს ძალიან პროდუქტიული და ეფექტური. 

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, არჩევნების შედეგად ქვეყანამ ვერ მიიღო უფრო მრავალპარტიული, უფრო ეფექტური პარლამენტი, მაგრამ მოსახლეობამ აირჩია ისეთი პარლამენტი, რომელსაც აქვს საშუალება, იყოს ძალიან პროდუქტიულიც და ეფექტურიც. 

„პარლამენტში შეიქმნა ვითარება, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ ძალას, ხოლო მეორე ძალა ნაციონალური მოძრაობის სახით არის ოპოზიციური ძალა, მაგრამ ის არ და ვერ ასრულებს პარლამენტში, საზოგადოებაში საჭირო ოპოზიციის როლს. ვინაიდან სახელისუფლებო ძალასა და ამ პოლიტიკურ გუნდს შორის არის იმხელა უფსკრული, რომ ამ უფსკრულის გადალახვა თუნდაც მცირედ სხვადასხვა საკითხებზე არის პრინციპულად შეუძლებელი“, — თქვა დავით უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა და პარლამენტმა სამწუხაროდ ვერ მიიღო კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილს ახალი ფორმატის პარტიის შექმნა უნდა

სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას, მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რჩება და ხვალიდან ხელისუფლების ოპონენტი და არა მტერი იქნება. ოპონირების მიზანს კი მეტი კარგი გადაწყვეტილების მიღება და ცუდი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება წარმოადგენს.„მე არ ვიქნები ჩასაფრებული ოპოზიციაში, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნები დაინტერესებული იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ მიიღება. ამით მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ ახლა უკვე მომავალზე უნდა ვიყოთ ყველა ორიენტირებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შეიქმნა, ვინც სად აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროცესის შემდეგ“, — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის აუცილებლობასა და ერთპარტიული უმრავლესობის უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ითანამშრომლებს ყველა იმ ძალასთან, ვინც აღნიშნულ საკითხებს იზიარებს და ამ ხედვებს ეთანხმება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

პარლამენტში ოთხწლიანი საქმიანობის შეფასებისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას არანაირი ძალა და ენერგია არ დაუკლია იმ საქმისთვის, რასაც ემსახურებოდა და აკეთებდა ყველაფერს უკეთესი მომავლისთვის, ქვეყნის მშენებლობისთვის და გაუმჯობესებისთვის.

„უსუფაშვილი იყო ერთი კონკრეტული ადამინი წინა მოწვევის პარლამენტში. ახლა ასეთი იქნება ამ პარლამენტში 150. ძალიან ბევრი თქვენ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ვისაც არ იცნობთ, დაინახავთ, რომ სახეზე არიან ქართული პოლიტიკის ვარსკვლავები. ძალიან ბევრი ასევე არასასიამოვნოდ გაგაოცებთ, და ასეა ცხოვრება. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ შეუცვლადობის და განუმეორებლობის განცდა, ის არ უნდა მიაკარო სახელმწიფო ხელისუფლებას“, — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვადსხვა კითხვას უპასუხა, რომლებიც „ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“ კანონის ცვლილებებს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას და მის მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯებს შეეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.


ყველა ახალი ამბავი
0