თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას კინოდრამა „ანას ცხოვრება“ ესპანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო კინოფესტივალებზე შეაფასეს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ ქართულმა ფილმმა ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მალიორკაში Mallorca International Film Festival-ზე გრან-პრი მიიღო.
საფრანგეთის გამართულ ფესტივალზე Arras Film Festival ნინო ბასილია დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის. იქვე, ქალაქ არასში გაიმართა ფილმის „ანას ცხოვრება“ ფრანგული პრემიერა.
სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“ მარტოხელა ქართველ დედაზე მოგვითხრობს, რომელიც სოციალური სირთულეების გადალახვას ცდილობს.
ახალგაზრდა ქალი საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. მაგრამ ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება. და, მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება.
სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. ფილმის გადაღება ქართულმა კინოცენტრმა 2015 წელს სრულმეტრაჟიანი კინოფირების კონკურსში გამარჯვების შემდეგ დააფინანსა.
„ანას ცხოვრების“ მსოფლიო პრემიერა 2016 წელს შვედეთში გაიმართა. მას შემდეგ მან მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა.
რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი ნინო ბასილია მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე სწავლობდა. ის 25 მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია.
ბასილია არის ავტორი 12-სერიიანი „კარუსელის“ სცენარის (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004 წ), რომანებისა — „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული ნაკრების „აკვარიუმი“, საბავშვო ლექსების კრებულის და სხვა.