თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „სხვისი სახლი“, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი, ნორვეგიაში პრიზი მიიღო.
ქართული ფილმი ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფესტივალი ნორვეგიის ქალაქში 20-დან 28 სექტემბერის ჩათვლით პერიოდში გაიმართა.
„სხვისმა სახლმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში „ექსტრაორდინარული კინო“. საქართველოს კონკურენტები ამ ნომინაციაში იყო კინოფილმები რუსეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან, ფინეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
დრამა "სხვისი სახლი" ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული ფილმია. ის საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.
ფილმი „სხვისი სახლი“ წელს ასევე დაჯილდოვდა რუსეთში, სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მოხვდება თუ არა „სხვისი სახლი“ 2017 წლის „ოსკარის“ შორტ-ლისტში, მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი, „ოსკარის“ 89-ე ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.
ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. ის ჩრდილოეთ ევროპის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. კინოფორუმი ყოველ წელს იმართება და ფესტივალის აუდიტორიას თანამედროვე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს აცნობს მთელი მსოფლიოდან.