თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას სადებიუტო ფილმი „ანას ცხოვრება“, რომელიც მარტოხელა დედის რთულ ბედზე მოგვითხრობს, არგენტინაში ფესტივალის Construir CINE პრიზიორი გახდა.
საერთაშორისო კინოფესტივალი Construir CINE, რომელიც მშრომელთა ცხოვრებასა და შრომაზე გადაღებულ სურათებზეა სპეციალიზებული, ბუენოს-აირესში 2-დან 11 მაისამდე გაიმართა. კინოფესტივალზე წარდგენილი იყო ჩილელი, ესპანელი, ფრანგი, იაპონელი, ამერიკელი, არგენტინელი და ქართველი კინორეჟისორების ფილმები.
ფილმმა „ანას ცხოვრება“, რომელიც საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდა, მესამე ადგილი დაიკავა და მიიღო პრემია „დამსახურებისთვის“, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ფესტივალზე პირველი ადგილი და „საუკეთესო მხატვრული ფილმის“ წოდება ჩილელი რეჟისორის სერხიო კასტრო სან-მარტინის ფილმს „დე ბაროს ქალები“ ერგო. კონკურსის ვერცხლი მოიპოვა იაპონელი ნაომი კავასის ფილმმა „საკონდიტრო ტოკიოში“.
ქართველი რეჟისორის „ანას ცხოვრება“ ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება. და მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება. სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. „ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.
რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი ნინო ბასილია მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე სწავლობდა. ის 25 მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია.
ბასილაია არის ავტორი 12-სერიიანი „კარუსელის“ სცენარის (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004 წ.), რომანებისა — „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული ნაკრების „აკვარიუმი“, საბავშვო ლექსების კრებულის და სხვა.
საერთაშორისო კინოფესტივალი ბუენოს-აირესში მესამედ ჩატარდა. კინოფესტივალის მთავარი მიზანია თანამედროვე კინემატოგრაფისტების სტიმულირება და დამოუკიდებელი კინოს წარმოების მხარდაჭერა, რომელიც უბრალო მშრომელების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.