თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ დსთ-ის ქვეყნების, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის 25-ე საიუბილეო ღია კინოფესტივალზე „კინოშოკი-2016“ პრიზებით დატვირთული „მოსავალი“ აიღო. ფესტივალი ანაპაში 3-10 სექტემბერს გაიმართა.
რუსული ფესტივალის პრიზიორი სამი ქართული ფილმი გახდა, განაცხადეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის მიიღო ნუკრი აბაშიძემ ფილმისთვის "მოირა".
ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა რეჟისორი დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა" და რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა".
ფესტივალის გრან-პრი „ოქროს ვაზი“ მიიღო ყაზახურმა სურათმა „ჭირი კარატასის აულში“ (რეჟისორი ადილხან ერჟანოვი). პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიენიჭა ლაილა პაკალნინიას ფილმისთვის „განთიადი“ (ლატვია-პოლონეთი-ესტონეთი).
პრიზები მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის ერგოთ ტიმოფეი ტრიბუნცევსა და იუოზას ბუდრაიტისს. ქალის საუკეთესო როლისთვის წელს პრიზი არ გაუციათ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „შოკის საზღვრები“ გრან-პრი მიიღო ნატალია ნაზაროვას (რუსეთი) „ციცინათელამ“.
ქართველ რეჟისორებს ანაპის კინოფესტივალზე წარმატებები გასულ წლებშიც ჰქონდათ. 2012 წელს ზაზა ურუშაძემ „კინოშოკის“ პრიზი მიიღო. ხოლო 2015 წელს ფესტივალის პრიზებით დაჯილდოვდნენ ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ და მსახიობი ეკა მოლოდინაშვილი ფილმში „ცხრა მთას იქით“ შესრულებული როლისთვის.
„კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან იმართება და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია.