ანასტასია შრაიბერი
ეს ძველი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც, ბიჭის მშობლები პირველი ღამის მერე პატარძლის მშობლებს წითელ ვაშლებს უგზავნიან მისი ქალიშვილობის დასტურად და მადლობის ნიშნად.
გიორგი ნიჭიერი, უშუალო და რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი ადამიანია. თანაც მხოლოდ ცხოვრებაში კი არა, კინოშიც.
„წითელი ვაშლები“ საქართველოს, აშშ-სა და სომხეთის ერთობლივად გადაღებული, სულის შემძვრელი სურათია, რომელიც უძველეს სომხურ საქორწილო ტრადიციასა და მის ტრაგიზმს ასახავს. ავტორმა თავად ისაუბრა Sputnik-თან ფილმზე, რომელსაც მალე თითქმის მთელი მსოფლიო იხილავს.
— გიორგი, როდის და საიდან დაგებადა ამ ფილმის გადაღების იდეა და ვინაა სცენარის ავტორი?
— კოლუმბიის უნივერსიტეტის კინორეჟისურის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პირველივე წელს ჩემმა თანაკურსელმა, პროდიუსერმა ოფელია არუთუნიანმა დაწერა ეს სცენარი, რომელიც თავიდანვე მომეწონა.
ოფელია სომხეთიდან არის და ეს ისტორია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ოთხი წლის მერე, როცა გადაწყვიტა, სწორედ ამ სცენარზე გადაეღო სადიპლომო ფილმი, მე შემომთავაზა, რეჟისორი ვყოფილიყავი.
— შენ თავად რამ დაგაინტერესა სცენარში?
— ყველაზე მეტად — ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობის კვლევამ, ანუ როგორ შეიძლება, რომ ერთ ღამეში ერთმა მეორეს ზურგი აქციოს და სიყვარული სიძულვილში გადაიზარდოს. აი სწორედ ეს, მონეტის ორი მხარე მინდოდა ამ ფილმით შემესწავლა.
სცენარზე მუშაობას მაშინვე შევუდექით და რამდენიმე თვის მერე ჩამოვყალიბდით ვერსიაზე, რომელიც ორივესთვის მისაღები აღმოჩნდა.
— და გადაღებაზე სომხეთში წახვედით?
— სომხეთში ორი კვირით ადრე ჩავედი, რომ მოსამზადებელი პერიოდი ადგილზე გამეარა. გადაღებები ერევანში მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში.
— უამბე მკითხველს, რა სომხურ ტრადიციაზეა საუბარი?
— ეს ძველი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც, ბიჭის მშობლები პირველი ღამის მერე პატარძლის მშობლებს წითელ ვაშლებს უგზავნიან მისი ქალიშვილობის დასტურად და მადლობის ნიშნად. სხვათა შორის, წითელ ვაშლებს დღესაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
— და რა ხდება შენს ფილმში?
— გოგო თხოვდება. პირველი ღამის მერე დედამთილი წყვილის საძინებელში შედის, რომ ზეწარი შეამოწმოს და ხედავს, რომ ზეწარი სუფთაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგო ქალიშვილი არ იყო — პატარძლის განწყობა მიანიშნებს ამაზე. თუმცა ბიჭი მაინც დედის მხარეს იკავებს და გოგო გინეკოლოგთან მიჰყავთ.
— ფილმში სომეხი მსახიობები გადაიღეთ თუ ქართველი?
— ყველა მსახიობი სომეხია — ერევანში ჩასვლამდე მოვაწყვეთ ქასთინგი სკაიპით და მერე ადგილზე დავამტკიცე როლები. ფილმის მთავარი გადამღები ბირთვი კი ქართულია — დამდგმელი ოპერატორი გუკა გოლიაძეა, მეორე რეჟისორი კი მარიამ დვალიშვილი. მათთან ერთად უკვე მესამე ფილმზე ვმუშაობ. ამას დაამატეთ მთავარი გამნათებელი რომა გუჯაბიძე და ოპერატორის ასისტენტი ირაკლი-დურუ ჟღენტი.
— გვიამბე შენზე: ვინ ხარ და როგორ მოხვდი კინოში?
— თბილისელი ვარ, 28 წლისა. როგორც კი სკოლა დავამთავრე სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წავედი. ჯერ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბაკალავრიატზე, მერე — კოლუმბიის უნივერსიტეტში, კინორეჟისურის მაგისტრატურაზე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინოთეორიას ვსწავლობდი და სანამ რეჟისურამ დამაინტერესებდა, კინოთეორიის პროფესორი მინდოდა გამოვსულიყავი.
— პედაგოგობა გინდოდა?
— პედაგოგობა ახლაც მაინტერესებს და უკვე მესამე წელია, ნორთვესტერნის უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს. წლევანდელი წლიდან კი უკვე კოლუმბიის უნივერსიტეტშიც.
— ძალიან მაგარია! და რა საგნებს ასწავლი?
— კინორეჟისურას და კინოს ფსიქოანალიზს. რაც შეეხება რეჟისურას, „წითელი ვაშლები“ ჩემი მეორე ფილმია. პირველი ფილმი იყო „თევზი, რომელიც ჩაიძირა“. ის სამი წლის წინ გადავიღე თბილისში. ახლა მესამე მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვმუშაობ. გადაღებები გორში იგეგმება სექტემბრის ბოლოს. ფილმის სახელწოდება „მამული“ და თემატურად სტალინის ფენომენზე მოგვითხრობს.
— რას იტყვი სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე?
— სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის დაფინანსების მოძიებას ახლაც ვგეგმავდი, სანამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა გამიჩნდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეს პროცესი ერთი წლით გადავდო. სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე უკვე 4 წელია ვმუშაობ. სიუჟეტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლო და პირადულია, თბილისში ვითარდება. ფილმს ჰქვია „პანოპტიკონი“.
— რაც შეეხება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალს, რა ემოციები გაქვს, რა მოლოდინები?
— ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია დიდ ფესტივალებს შორის, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენი ფილმი მთავარ სელექციაში მოხვდა. ამ ფესტივალში მონაწილეობა უკვე დიდი პატივია. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, ფილმი მაყურებელმა ნახოს და ფესტივალზე პოტენციური თანამშრომლები გავიცნო — იქნება ეს პროდიუსერები თუ კინოხელოვანები.
— კინოში კერპი გყავთ?
— რთული კითხვაა. ერთი რეჟისორის გამორჩევას ვერ შევძლებ. მიყვარს ელია სულეიმანის ირონია, ბელა ტარის კამერა, კარლოს რეიგადასის სითამამე, ანგელოპულოსის მელანქოლია, როი ანდერსონის ჰუმანიზმი და ჯარმუშის დამოკიდებულება. კიდევ 50 გვერდი თუ გაქვთ, შემიძლია გავაგრძელო…
— როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო, რომ დამწყები ქართველი რეჟისორი წარმატებული და ცნობილი გახდეს?
— ჩემთვის რთულია ასეთი რჩევის მიცემა. არ ვიცი, რა უნდა ვურჩიო ვინმეს, რომ ცნობილი და წარმატებული გახდეს… სჯობს საერთოდ არ იფიქროს ამაზე. მთავარი გულწრფელობაა.