თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერს, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გლობალური ცვლილებები დაიწყება, ხოლო მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული გამოწვევების გამკლავება რთული იქნება.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელმა“ ტრამპმა „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონი დაამარცხა, ასე რომ, ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება.
„საქართველო შეიძლება დიდი გამოწვევების წინაშე დადგეს… მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელი ხელისუფლება და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, გლობალური ცვლილებების მნიშვნელოვან პროცესში შეძლებს ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას, რამდენადაც ის მსოფლიო, რომელიც ჩვენ აქამდე ვიცოდით, ტრამპის არჩევის შემდეგ უბრალოდ დაინგრა“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეარხ „იბერიის“ ეთერში.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ „ახალი მსოფლიოს“ მშენებლობა იწყება, ხოლო საქართველოს ხელისუფლებაში არის გუნდი, რომელსაც საერთაშორისო არენაზე გამოცდილება არა აქვს, მიაჩნია ბურჯანაძეს. მისი აზრით, საქართველოს შეეძლო სხვა მდგომარეობაში ყოფილიყო, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას გიორგი მარგველაშვილს რომ არ გაემარჯვა და მეცხრე მოწვევის პარლამენტში ბურჯანაძის გუნდიც ყოფილიყო წარმოდგენილი.
„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩემი ოპონენტების აზრი მაინტერესებს ძალიან, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს იმას, რაზეც ბურჯანაძე ბოლო წლების განმავლობაში ლაპარაკობდა. ჩემი და ტრამპის პოზიციები ბევრ რამეში ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მე ვიცი პოლიტიკა და როცა პროგნოზებს ვაკეთებ, უნდა მენდოთ. და როცა იმ ცვლილებებზე ვსაუბრობდი, რომლებიც მსოფლიოში შესაძლოა მომხდარიყო, ამას ჰაერზე არ ვამბობდი“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის 538 ხმიდან მინიმუმ 270 ხმის მიღება, ტრამპმა კი 280 ხმა მიიღო. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეერთებული შტატების უკვე ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებს თანამშრომლობას.