თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოდიშს ელოდებიან. საუბარია ამ ორგანიზაციის აქტივისტის ქეთი გაბუნიას ჩხრეკაზე ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გაბუნია და კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც ბერლინიდან ბრუნდებოდნენ, დააკავეს ქუთაისის აეროპორტში. ნარკოტიკების არსებობა არ დაადასტურა არც ჩხრეკამ და არც ტომოგრაფიამ.
„ეს იყო მიზანმიმართული ზეწოლა და თავდასხმა მოძრაობაზე… მათ ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და მომავლის გეგმებს დავსახავთ. ეს იქნება აქციები და ა.შ. მათ ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, — განაცხადა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ მოძრაობის წარმომადგენელთა ამგვარი შემოწმებები ადრეც მომხდარა.
„როგორც ჩანს, ისინი (პოლიცია) დათმობას არ აპირებენ. უდანაშაულო ადამიანების დევნა მათთვის კომფორტულია და, სამწუხაროდ, მათი საქმიანობის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“, — დაასკვნა წიქარიშვილმა.
შსს-ში ჩხრეკის ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ დაკავებული არავინაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კანონის თანახმად, რამდენიმე ადამიანის ჩხრეკა ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით — 260-ე (ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა) და 262-ე (ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საქართველოში)“, — განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა.
წუხელ უკვე თბილისში მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კიდევ ერთი აქტივისტი გაჩხრიკეს, მაგრამ ნარკოტიკები ასევე ვერ აღმოაჩინეს.
„კოლმეურნეობის მოედანთან ახლოს პატრულმა ტაქსი გააჩერა. ტაქსისტის საბუთები არც აინტერესებდათ, პირდაპირ მოვიდნენ ჩემთან. აბსოლუტურად ყველაფერი გაჩხრიკეს. ვერ იპოვეს ვერაფერი საეჭვო. მათ იცოდნენ, რომ „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ვიყავი და მიზანმიმართულად მოდიოდნენ იმ იმედით, რომ აღმომაჩნდებოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება“, — განაცხადა გიორგი კოკონიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“ ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. აქტივისტებმა შექმნეს კამპანია „ბექა დამნაშავე არ არის“. მათ გააპროტესტეს 2013 წელს ბექა წიქარიშვილის დაკავება, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანა აღმოუჩინეს.
წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ეღიარებინა არაკონსტიტუციურად ნორმა პატიმრობის შესახებ პირადი მოხმარებისთვის მარუხუანის შეძენასა და შენახვისთვის. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლეს.