თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო 10 გოგონა დააკავეს. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულებმა გერმანიიდან ნარკოტიკული ნივთიერებები შემოიტანეს. დაკავების ფაქტს ადასტურებს შსს-ს პრესსამსახური, თუმცა ოპერაციის დეტალების გამხელისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ინფორმაციას მომხდარზე მოგვიანებით გაავრცელებს.
„ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქმის დეტალებს ჩვენ მოგვიანებით გავავრცელებთ“, — უთხრეს საინფორმაციო სააგენტოს „ნოვოსტი გრუზია“ შსს-ს პრესსამსახურში.
ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ქეთა გაბუნიაა, რომელიც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრია. ეს მოძრაობა იმით არის ცნობილი, რომ წინააღმდეგია ნარკოტიკების მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის.
„დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი — ქეთი გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას», წერს მოძრაობა „თეთრი ხმაური“ სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე.
ასევე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ქეთი გაბუნია უკვე შეამოწმეს და ვინაიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, მალე გაათავისუფლებენ.