თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სკოლის მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში, აღნიშნულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საკითხებში სასკოლო კვლევების ევროპული პროექტის (ESPAD) ანგარიშში.
საერთაშორისო კვლევა მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. პროექტს საქართველო 2015 წელს შეუერთდა. გასული წლის ნოემბერში კვლევაში 190 ქართული სკოლა მონაწილეობდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში 13 წლისამ ან უფრო ადრე გასინჯა. ქართველ მოსწავლეთა შორის, მარიხუანისა და ჰაშიშის გარდა, გავრცელებულია ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები, მედიკამენტები ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად და ჰალუცინოგენები.
მოსწავლეებისთვის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია კანაფი, „ექსტაზი“ და ბიონარკოტიკი „სპაისი“, ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები.
სიგარეტს ეწევა მოსწავლეთა 43%, აქედან 54% ბიჭია. ამასთან, 21%-მა თამბაქოს მოხმარება 13 წლისამ ან უფრო ადრე დაიწყო.
ალკოჰოლური თრობა 13 წლისამ ან უფრო ადრე გამოსცადა მოსწავლეთა 22%-მა. 85%-მა კი აღნიშნა, რომ ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული.
ქართველი მოსწავლეები ყველაზე ხშირად სვამენ ღვინოს (40%), შემდეგ მოდის ლუდი (36%), მაგარი სპირტიანი სასმელები (30%) და ალკოპოპი (კოქტეილები ალკოჰოლის სუსტი შემცველობით) (14%). ამ სასმელებს უფრო ხშირად იღებენ ბიჭები, ვიდრე გოგონები.
ალკოჰოლის მიღებისას გამოკითხული მოსწავლეების 33% სახლში იმყოფებოდა, 23% — სხვის სახლში, ხოლო 20% — რესტორანში. მოსწავლეთა 73%-ს ერთხელ მაინც აქვს მიღებული ენერგეტიკული სასმელი.
კვლევის შედეგები წარმოადგინეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. პროექტი განხორციელდა ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან თანამშრომლობით.