თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებებს შორის ტესტ–მატჩი გაიმართება.
„ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით და იაპონიის წინააღმდეგ თამაში გამონაკლისი არაა. გუნდში ორი ახალი მწვრთნელი გვყავს, რომლებსაც მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. დარწმუნებული ვარ, მათი ჩვევები ქართულ ნაკრებს წაადგება“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩის წინ გამართულ კონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოშია ცნობილი ქართული გუნდის მძლავრი შერკინება, ამიტომ თამაშის ეს ასპექტი იაპონიის წინააღმდეგ მატჩის განმსაზღვრელი უნდა გახდეს.
„ბევრი მიიჩნევს, რომ სამოასა და იაპონიასთან ფავორიტები ვართ, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენთან ისინი ითვლებიან ფავორიტებად. თუმცა, ჩვენს მოედანზე არაფრის დათმობას“ – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მორაგბეები მინდორზე გავიდნენ, სადაც კაპიტნების ტრადიციული ვარჯიში ჩაატარეს.
წლის ბოლომდე საქართველოს ნაკრები სამ ტესტ–მატჩს გამართავს. 12 და 19 ნოემბერს ქართველი მორაგბეები იაპონიასა და სამოას თბილისში დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 ნოემბერს კილმარნოკში – შოტლანდიას.