თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რაგბიში (U-20) ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 18:17 და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს.
ილია მაისურაძის გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო შეხვედრა და პირველი ტაიმის შუა წუთებზე თორნიკე მატარაძის წარმატებული ლელოს შემდეგ დაწინაურდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლომდე ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ინიციატივა იტალიელებმა ჩაიგდეს ხელში და შესვენებაზე გამარჯვებული გავიდნენ — 7:5.
შეხვედრის მეორე ნახევარი მსგავსი სცენარით წარიმართა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მოვლენათა განვითარების შეცვლის საშუალება აღარ მისცა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა. შედეგიანი ლელოები ანგარიშზე ჩაიწერეს ბექა გორგაძემ და ლადო მიმინოშვილმა. საჯარიმოდან ზუსტი დარტყმა გელა აფრასიძის აქტივშია.
მეცხრე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები 25 ივნისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, მის მოსაპოვებლად ინგლისი და ირლანდია იბრძოლებენ.