თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ქართული კანონმდებლობა უნდა დაიცვან, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ („როსტურიზმი“) რუსეთის მოქალაქეები იმ რისკების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც მათ საქართველოში სტუმრობას უკავშირდება. „როსტურიზმმა“ რუსეთის მოქალაქეების ყურადღება საქართველოში მოქმედ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონზე გაამახვილა. უწყებაში აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც 2008 წელს ქართულმა მხარემ გაწყვიტა, რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია.
„უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, — განაცხადა აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
მან ასევე კომენტარი გააკეთა „როსტურიზმის“ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მოგზაურობისას სამედიცინო დაზღვევას ეხება. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საქართველოში სამედიცინო მომსახურება ძვირია.
„რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა გართულება ამასთან დაკავშირებით“, — განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს 920 ათასზე მეტი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 13%-ით აჭარბებს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისმა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი კანონი მიიღო.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ.