თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. განსაკუთრებული პრობლემები რუს ტურისტებს საქართველოში არ შექმნიათ, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ („როსტურიზმი“) რუსეთის მოქალაქეები იმ რისკების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც მათ საქართველოში სტუმრობას უკავშირდება. „როსტურიზმმა“ რუსეთის მოქალაქეების ყურადღება საქართველოში მოქმედ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონზე გაამახვილა. უწყებაში აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც 2008 წელს ქართულმა მხარემ გაწყვიტა, რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია.
„წლევანდელი წელი რეკორდულია უცხოეთიდან ტურისტების რაოდენობის მხრივ, მათ შორის, რუსეთიდანაც, საიდანაც წელს მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ განსაკუთრებული პრობლემები არ დაფიქსირებულა“, — განაცხადა ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რუსეთის საკონსულოს ფუნქციებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ასრულებს, აღნიშნა ჩოგოვაძემ.
საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს 920 ათასზე მეტი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 13%-ით აჭარბებს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისმა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი კანონი მიიღო.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ.