თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სკოლაში, პირველ რიგში, სული უნდა დავაბრუნოთ. სკოლაში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს და ამ კარგ ადამიანს თუ სწავლას შევაყვარებთ, ის აუცილებლად ისწავლის, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ში.
განათლების მინისტრმა ისაუბრა სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების პრობლემებზე და აღნიშნა, რომ სწავლისა და სწავლების საფუძველი სიყვარული უნდა იყოს და მასწავლებელს ბავშვთან კარგ ურთიერთობაში ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს და ნაკლებად უნდა იყოს დატვირთული დოკუმენტაციის შევსებით.
„ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო. დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის შევსება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას აზრით, მასწავლებელთან ერთად ბავშვის აღზრდაში მშობელს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მასწავლებელმა რაც უნდა ბევრი გააკეთოს მოსწავლისთვის, თუ ბავშვმა იგივე სახლში, ოჯახი არ დაინახა, ამას შედეგი არ მოჰყვება.
„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვს. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს… ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ“, — განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას აზრით, სკოლის ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვს შეაყვაროს შრომა, მეგობრობა, გვერდით დგომა და ამის შემდეგ — საგნის სწავლება.
„მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლუს – საგნის სწავლება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრი აცხადებს, რომ ისე დინამიკურად ვითარდება პედაგოგიკა, რომ მასწავლებელს ყოველწლიურად სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება, ამაში ე.წ. მასწავლებელთა სახლი დაეხმარება.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივნისის დასაწყისში დაინიშნა, ყურადღების მიპყრობა მოასწრო განსაკუთრებული აქტიურობითა და განათლების სისტემის რეფორმირებისადმი ახალი დამოკიდებულებით. ის ასევე ცნობილია, როგორც საგანმანათლებლო სფეროში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან მებრძოლი.