თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე განათლების სისტემის მთავარი პრობლემა სკოლაში უინტერესო გაკვეთილებია, მიიჩნევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და პირობას დებს, რომ ორ წელიწადში ვითარება შეიცვლება.
ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციის დროს განაცხადა, სადაც სტუდენტების კითხვებს პასუხობდა. მისი აზრით, მასწავლებლის როლი ისაა, რომ მოსწავლეს ცოდნა მაქსიმალურად ზუსტად და საინტერესოდ გადასცეს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამა თუ იმ მასალის შინაარსი.
„ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ჩემი მიზანიც ესაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუ რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერსებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი… ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრის აზრით, ამჟამად კონტენტი რეალობისგან ძალზე შორსაა.
„მაგალითად, იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.
სინამდვილეში, ზეპირად მეხსიერების განვითარებისთვის სწავლობენ, აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ინტერნეტის გამოჩენამდე ადამიანებს მეხსიერების გავარჯიშება ესაჭიროებოდათ, ახლა კი ამის საჭიროება აღარ არის, მაგრამ სკოლებში ინერციით ბავშვის მეხსიერების განვითარებას მაინც განაგრძობენ.
„ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.
ეროვნული სასწავლო გეგმა აუცილებლად უნდა განიტვირთოს, რადგან ბავშვი უფრო კარგად სწავლობს თამაშის, მეგობრებთან ურთიერთობის და ხანდახან ცელქობის დროს. ამ ასაკში ბავშვები არ უნდა გადავტვირთოთ, დარწმუნებულია მინისტრი.