თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შაბათს ლექციას გამართავს თემაზე „მდიდარი პროფესიული ცხოვრება“.
ლექცია თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივნისის დასაწყისში დაინიშნა, ყურადღების მიპყრობა მოასწრო განსაკუთრებული აქტიურობითა და განათლების სისტემის რეფორმირებისადმი ახალი დამოკიდებულებით.
მინისტრობამდე ჯეჯელავა კერძო სექტორში მუშაობდა, ასევე კითხულობდა ლექციებს საქართველოში აქტუალურ თემებზე. ეს ლექციები სოციალურ ქსელებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ის ასევე ცნობილია, როგორც საგანმანათლებლო სფეროში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან მებრძოლი. მაგალითად, ჯეჯელავა მომხრეა, რომ სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ გართობისა და გუნდური მუშაობისთვის დრო ჰქონდეთ.
ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვებმა არ უნდა ატარონ მძიმე სახელმძღვანელოებით დატვირთული სასკოლო ჩანთები. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრას უკვე შეუდგა.