თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი 10 ათასი ლარით იმის გამო დააჯარიმა, რომ სვანიძის ქუჩის ბოლოს, მდინარე ვერეს ნაპირზე დამცავი მოაჯირი დაამონტაჟა. 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ სვანიძის ქუჩა იყო, სადაც საცხოვრებელი სახლების გარდა განთავსებული იყო თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი. 13 ივნისის წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„სტიქიის შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას დამცავი მოაჯირის აღდგენის თხოვნით, რამდენადაც იგი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი მდინარეში ჩავარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ჩემმა ნათესავებმა უშველეს მას. ამის შემდეგ მე მერიაში დავრეკე და ვუთხარი, რომ თავად გავაკეთებდი დამცავ მოაჯირს. ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამომიწერეს“, — განაცხადა ელიზბარაშვილმა.
ჯარიმის გარდა, თბილისის მერიამ ბიზნესმენს 16-მეტრიანი დამცავი მოაჯირის დემონტაჟი დააკისრა. მერიაში განმარტეს, რომ ელიზბარაშვილმა კანონი დაარღვია და მოაჯირი უნებართვოდ ააშენა.
„მერიამ ვერეს ხეობის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა. ტენდერი უახლოეს დროში გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება… ასე რომ, მას თვითნებურად მოქმედების უფლება არ ჰქონდა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ დემონტაჟი განეხორციელებინა. ელიზბარაშვილმა კი უარი განგვიცხადა და ამიტომ, ის კანონის შესაბამისად დაჯარიმდა“, — განაცხადა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ჯაყელმა.
მიუხედავად ამისა, ელიზბარაშვილი მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ მერია თავის მოთხოვნებზე უარს არ იტყვის, ბიზნესმენი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
დამანგრეველმა წყალდიდობამ, რომელიც თბილისს გასულ წელს დაატყდა თავს, ძაღლების თავშესაფრის ორი თანამშრომელი შეიწირა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ოთხფეხა მეგობრები. წყალდიდობის დღეს თავშესაფარში 275 ძაღლი და ათი დათვი იყო. აქედან, მხოლოდ 169 ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. ყველა დათვი დაიხრჩო. ძაღლების თავშესაფრის ადგილზე დღეს ნანგრევებია.
ტრაგედიის მიუხედავად, ბიზნესმენმა საყვარელ საქმეზე უარი არ თქვა. თამაზ ელიზბარაშვილმა უპატრონო ძაღლების თავშესაფარი ქალაქის სხვა ნაწილში — კაიროს ქუჩაზე ააშენა.