თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის II-ის განკარგულებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი სოფო ქაცარავა საელჩოში 11-წლიანი საქმიანობისთვის ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გუშინ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
„მოხარული ვარ, რომ სოფო ჩვენ გუნდს შეუერთდა, რომლის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მისი მოღვაწეობა პარლამენტში ნაკლებად პროდუქტიული არ იქნება. შემიძლია უკვე განვაცხადო, რომ სოფიკო პარტიაში მიმდინარე ბევრი სასიკეთო მოვლენის მამოძრავებელი ძალაა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ქაცარავას ჯილდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა გადასცა და ხაზი გაუსვა მის დამსახურებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების საქმეში.
სოფო ქაცარავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკური მდივანი იყო. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ის მონაწილეობას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით იღებდა და პარტიული სიის მეცხრე ნომერი იყო. ქართული საინფორმაციო საშუალებები ვარაუდობენ, რომ სწორედ ის უხელმძღვანელებს პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტს.
ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი — სამეფო ორდენია, რომელიც 1917 წელს ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-მ შემოიღო.