თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პოლიტიკოსების შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე განახლებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა. ქართული მხრიდან ამ საზღვარზე მოქალაქეებს საბაჟო „სადახლო“ ემსახურება, განაცხადეს საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურში.
გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს „ბაგრატაშენის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს.
სერჟ სარგსიანმა, თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი და სამთავრობო დელეგაცია სამუშაო სადილზე მიიწვია.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ამჟამად სომხეთთან საზღვარზე ოთხი საბაჟო-გამშვები პუნქტი მოქმედებს: „ნინოწმინდა“, „გუგუთი“, „ახკერპი“ და „სადახლო“.