თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი უახლოეს მომავალში აუცილებლად გამყარდება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ბოლო თვის განმავლობაში ლარის კურსი ეცემოდა და 2 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე კურსის 3,5%-ით ვარდნა დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 ნოემბრისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2,4371 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
„დოლარის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მთავრობის ანგარიშებზე დადებითი ცვლილებები მოხდება. ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში აზიის განვითარების ბანკიდან უცხოური ვალუტა ჩაირიცხება, ასე რომ, ვფიქრობ, ეს (ლარის კურსის ვარდნა) მართლა დროებითია. ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება", — განაცხადა ხადურმა.
საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით პესიმისტური პროგნოზებისთვის საფუძველი არ არსებობს, აღნიშნა ხადურმა.