– ბატონო დემურ, ლარმა, ლამისაა, რეკორდულ ნიშნულს უწია. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არჩევნებზე დიდი რაოდენობით დახარჯული ფულის მასაა. მეორენი ახალი ბანკნოტების დიდი ოდენობით გამოშვებას უკავშირებენ. მოხდა თუ არა ფულის ინტერვენცია რეალურად?
— ერთი, მაგრამ მცირე მიზეზი ეგეცაა, თუმცა არ ვიქნებით სწორი ლარის დევალვაცია არჩევნებს დავაბრალოთ. თავი და თავი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაა. არავის არ გამოუშვია დიდი მოცულობით ფული, უბრალოდ, ეკონომიკა არის საშინელ მდგომარეობაში. პრობლემები, რაც ეკონომიკაშია, არ სწორდება. ქვეყანაში ფული ძალიან ცოტაა. მიზერულ ეკონომიკას ემსახურება ოთხჯერ ნაკლები ფული. მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყნის ეკონომიკას საკუთარი ვალუტა ემსახურება ზუსტად იმდენი, რამხელაც ეკონომიკაა. ჩვენ 14-მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და ამასთან შედარებით ეროვნული ვალუტა ოთხჯერ ნაკლებია. ექსპორტი ძალიან სუსტია და ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული. ვალუტის მიღების სტაბილური წყარო არ არსებობს. ინვესტიციებიც ძალიან ცოტაა. სულ მცირე, 4-5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, მაგრამ საგარეო ინვესტიციებს არ აქვს მნიშვნელობა.
მილიარდობით ლარი დევს საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე და ისინი არ ტრანსფორმირდება ქართულ ეკონომიკაში. სიმყარე აკლია საფინანსო ინსტიტუტებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ, ბანკის პროცენტით დაკმაყოფილდნენ. ბანკები კი ნაკლებად გასცემენ სესხებს და მათ მიერ გაცემული სესხები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდეს.
– რამდენად შუძლია ეროვნულ ბანკს ვითარების ნორმალიზება?
— ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები დიდი ხანია სასამართლოში უნდა იყვნენ. წარმოუდგენელი რამ ხდება — როგორ შეიძლება ასეთი ამპლიტუდით და ასეთი სიხშირით ვალუტის თამაში?! როგორ უნდა აწარმოო ასეთ პირობებში ბიზნესი? როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეები ძარცვო დილიდან ღამემდე?!
– ძალიან მძიმე სურათი დაგვიხატეთ. თუ გვეშველება რამე და ვინ არის მშველელი?
— აქ ცნობილი ფრაზა უნდა მოვიტანო. გახსოვთ, ალბათ, ხელი გაანძრიე და გეშველებაო, ნათქვამია… ამას გარდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველოს ბიზნესისთვის სტაბილური გარემო. თუ ეკონომიკა არ წამოვწიეთ, შესაძლოა, შედეგები კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს.
თენგიზ ჩოჩუა