-ბატონო ემზარ! რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება საარჩევნო პერიოდში?
— ლარის კურსის მიბმა არჩევნებთან არასწორია. აქ სულ სხვა ფაქტორები მოქმედებს. აბსოლუტურად იგივე პრობლემებია ლართან მიმართებაში, რაც იყო. ეს ეხება საგარეო ვაჭრობის მიმდინარე ანგარიშბალანსს, სადაც ექსპორტის მაჩვენებლი კლებულობს და კლებულობს. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ იმატა იმპორტმა. მართალია, ეს, ძირითადად, განპირობებულია კანადიდან შემოსული სამედიცინო დახმარებით, მაგრამ არა მხოლოდ ამით, ისედაც იმატა იმპორტმა. ნოემბერი-დეკემბერი არის საახალწლო ვაჭრობის სეზონური პერიოდი, ხდება დოლარის შეძენა, რათა საქონელი შემოიტანონ და ამ ფაქტორმაც განაპირობა ზეწოლა დოლარის მოთხოვნასა და ლარის კურსზე. ექსპორტის კლება, ტრანსფერების არდაბრუნება, არჩევნების პერიოდში ინვესტიციების ნაკლებობა — ეს არის ის მიზეზები, რამაც განაპირობა ლარის კურსის მერყეობა. ამას დაემატა რამდენიმე ერთჯერადი ტრანზაქცია, რომელიც ოპერაციებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ლარის გამყარება, ან ამაზე დიდი რყევა წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, 10 დეკემბრიდან გამყარებასაც ველოდები, მანამდე დოლარზე უფრო დიდი მოთხოვნაა.
-რა მდგომარეობაა ქართულ ეკონომოკაში, ეროვნული ვალუტის კურსზე ზემოქმედების ერთ-ერთი ფაქტორი ხომ ქვეანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიცაა?
— საქართველოში მეტნაკლებად ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობაა, ანუ, რაც ხდება მსოფლიოში და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ზუსტად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. ზრდის მაჩვენებელი შედარებით ოპტიმისტურია. იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ, მიუხედავად არჩევნებთან დაკავშირებული რთული პერიოდისა, ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დასტაბილურდა მუდმივად ცუდი სიტუაცია, რადგან ეს იყო დაკავშირებული ნავთობის ფასთან. ერთის მხრივ, საქართველოსთვის ნავთობის ფასის დაბალ ნიშნულზე გაჩერება, ბუნებრივია, ფანტასტიურია, რადგან ამან ჩვენს ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მეორეს მხრივ, ამან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა აზერბაიჯანი, რუსეთი, რომლებიც ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან და ამან გავლენა იქონია საქართველოზე. რუსეთში მეტ-ნაკლებად სიტუაცია დასტაბილურდა, გამომდინარე იქიდან, რომ რუბლის კურსი არის მყარი. აზერბაიჯანშიც ხელოვნურად მოახდინეს კოლაფსის თავიდან აცილება. ამან საქართველოზე დადებითად იმოქმედა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი მოგვცა.
თურქეთთან არის ცოტა რთული სიტუაცია. იქ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო ლირა გაუფასურდა. ამან მისცა გარკვეული უპირატესობა თურქ ექსპორტიორებს, რომ ჩვენი მეწარმეების ხარჯზე ენახათ მოგება. ამდენად, თურქეთი აღმოჩნდა მისთვის ხელსაყრელ გარემოში, გაიზარდა თურქეთიდან ტრადიციული საქონლის ექსპორტი და ამან ერთგვარად გავლენა იქონია ეროვნულ ვალუტაზე.
-ცოტა უფრო გრძელვადიან პროგნოზს ხომ არ გააკეთებდით?
— როგორც მოგახსენეთ, 10 დეკემბრიდან, როდესაც საახალწლო ცხელება დაიწყება, სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა განაპირობებს კურსის მცირედით გამყარებას. უფრო შორს გახედვა უკვე ძნელია, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ალბათ, შენარჩუნდება მცოცავი კურსი და დიდი რყევებიც არ არის მოსალოდნელი.
თენგიზ ჩოჩუა