თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ლაშა შ. დააკავეს, განაცხადა ბრიფინგზე უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ.
გამოძიების მასალებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ლაშა შ. დაუკავშირდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლის ვინაობა არ სახელდება, და მას 6 ათას აშშ დოლარად თბილისში ბინის მიღებას დაჰპირდა.
ამის გაკეთებას ის, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით აპირებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის მოთხოვნილი თანხის ნახევარს იღებდა.
გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა, რომ თაღლითებთან არ დაიჭირონ საქმე და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ბინების განაწილებით სპეციალური კომისიაა დაკავებული.
საცხოვრებელი ფართის დაკანონების ან ახალი ბინის მისაღებად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა მოქმედებს — სახელმწიფო ყიდულობს ბინებს დევნილებისთვის; აშენებს მათთვის მრავალბინიან სახლებს; თუ დევნილები ცხოვრობენ ფართში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ან სახელმწიფოს ბალანსზეა, სახელმწიფო უკანონებს მათ ამ საცხოვრებელ ფართს; ხოლო თუ დევნილები კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრობენ, სახელმწიფო მფლობელებისგან ყიდულობს ამ ფართს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 267 ათასი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ახალი ბინა 12 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.