თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სულ ცოტა 700 იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საწარმოებლად, თითოეული 1000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს, აღნიშნულია გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საუბარია ბოსტნეულის მოყვანის, მეფუტკრეობის, კურდღლის მოშენებისა და სხვა საქმიანობის დაფინანსებაზე.
ამისთვის 700-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოში ინდივიდუალურად 2500 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. შესაძლებელია ასევე ჯგუფური განცხადებებით მიმართვაც 5000 ლარის ოდენობის გრანტის მისაღებად.
გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოში შემოსავლების წყაროს გაფართოების კუთხით ახალი ინციატივის შესახებ უფრო ადრე განაცხადა. მისი რეალიზებისთვის, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობისთვის 810 ათას აშშ დოლარამდე თანხა გამოიყოფა.
„პროექტის მიზანია: ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულყოფა“, — ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 259,2 ათასი პირი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ეს ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.