თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 2-4 ნოემბერს ესტონეთის დღეები ჩატარდება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ გაეცნონ ესტონურ კულტურას, სამზარეულოს, განათლების სისტემასა და მეცნიერებას.
ესტონური დღეები ითვალისწინებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს. დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე, დაესწრებიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების დასკვნით დღეს გაიმართება ესტონეთის საგანმანათლებლო ბაზრობა, ცნობილი ესტონელი მომღერლის მარია ნუტის კონცერტი, სემინარი ესტონეთის ენისა და კულტურის შესახებ.
საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. პარტნიორობის სფეროებია ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, განათლება.