თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით 43 ახალი პროექტის განსახორციელებლად 2,8 მლნ ევროზე მეტი გამოიყოფა. იუწყება „Sputnik ესტონეთი“.
„პროექტები, მათ შორის, დაკავშირებულია შემდეგ სფეროებთან: კიბერუსაფრთხოება, ქალთა მეწარმეობის განვითარება, ჯანდაცვის სისტემის ელექტრონული მომსახურების განვითარება, კორუფციასთან ბრძოლის საშუალებების ამაღლება, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის კრეატიულობა, დიგიტალური ბაზარი და დიგიტალიზაცია, ასევე მრავალფეროვანი პროექტები განათლებისა და სწავლების სფეროში“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული მხარდაჭერა იმაზე მეტყველებს, რომ ესტონეთს მსოფლიოსთვის სხვადასხვა სფეროში ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა პროექტს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლობის სახსრებით აფინანსებს.
ყველაზე მეტი — 16 პროექტი უკრაინაში განხორციელდება. მათზე სულ 1,2 მლნ ევროა გამოყოფილი. მოლდოვაში რეალიზებული იქნება 12 პროექტი. ამისთვის ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 733 ათასი ევრო გამოყო. საქართველოში განხორციელდება 10 პროექტი — გამოყოფილია 722 ათასი ევრო, ხოლო ბელარუსში — 5 პროექტი — 240 ათასი ევრო.
ყველაზე მეტი — 14 პროექტი განათლების სფეროში განხორციელდება. მეწარმეობის სფეროში მხარდაჭერილია 9 პროექტი, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების — 6. ჯანდაცვის, მათ შორის ელექტრონული ჯანდაცვის სფეროში მოწონებულია ოთხი პროექტი. სამი პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უკავშირდება, ორი — მასმედიასა და ჟურნალისტიკას, ხოლო ორი — სოფლისა და თევზის მეურნეობას.
პროექტები 2016-2018 წლებში განხორციელდება. სულ შესული იყო 107 შუამდგომლობა (6 242 720 ევრო).
2015 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 36 პროექტი მოიწონა, ხოლო 2014 წელს — 20.