სკანდალური ვიდეოჩანაწერების საქმის ფიგურანტი პატიმრობიდან გათავისუფლდა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გელა ღურწკაიას ბრალად სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი საიდუმლოს ხელყოფა ედება.

თბილისი, 1 ნოემბერი– Sputnik. ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის ფიგურანტი გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოიწურა, იუწყება პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

გამოძიება ამტკიცებს, რომ 2015 წლის დეკემბერში ღურწკაიამ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს აჩვენა ვიდეოჩანაწერი მისი მასმედიაში შემდგომი გავრცელების მიზნით. ამის შემდეგ მას წაუყენეს სარგებლის მიღების მიზნით პირადი საიდუმლოს ხელყოფის ბრალდება.

„9-თვიანი ვადა მაქსიმუმია ბრალდებულისთვის, რომელიც მან შეიძლება წინასწარ პატიმრობაში გაატაროს. გელა ღურწკაიას 9-თვიანი ვადა 3 ნოემბერს გასდიოდა. დღევანდელი მოცემულობით, ვერ მოხერხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა და შემეჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა 3 ნოემბრამდე. შესაბამისად, ის გათავისუფლდა და განაჩენს დაელოდება თავისუფლებაზე“, — განაცხადა კოტრიკაძემ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: სკანდალური ვიდეოჩანაწერები სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა

საქმის კიდევ ორი ფიგურანტის — ზურაბ ჯამალაშვილის და ირაკლი ფხალაძის პატიმრობის 9-თვიანი ვადა დეკემბერში იწურება.

საქმეში ასევე ფიგურირებენ ინგა ჩათოიანი, რომელიც გამოძიების პერიოდში თავდებით გათავისუფლდა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძე. უკანასკნელი სასჯელს სხვა საქმეზე იხდის. 

პროკურორმა უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ღურწკაია და ხაჭაპურიძე შესაძლოა საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლებულიყვნენ.

გამოძიების ვერსიით, თავდაპირველად სკანდალური ვიდეოჩანაწერი ჯამალაშვილის ხელში მოხვდა, რომელმაც ის ფხალაძეს, მან კი ჩათოიანს გადასცა. ჩათოიანისგან ვიდეო ხაჭაპურიძემ მიიღო და ღურწკაიას გადასცა.

ჯამალაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით არის დაკავებული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და მას ემუქრება ჯარიმა, 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოები ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ღურწკაიას, ფხალაძის, ჩათოიანისა და ხაჭაპურიძის შემთხვევაში მუხლი იგივეა, თუმცა ამ დანაშაულის ჩადენა მათ ბრალდება პირადი სარგებლის მიღების მიზნით. მათ 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ორ საქმეს იძიებს, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

ყველა ახალი ამბავი
0