თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, სადაც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შეიქმნა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.
Youtube–ზე უკვე ორჯერ გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები ქართველი პოლიტიკოსების ცხოვრებიდან. 11 მარტს პირველად გამოქვეყნებულ ჩანაწერში სახეები ჩანდა, ხოლო შემდგომ ჩანაწერში ვიდეოს ავტორს სექსუალური სცენის მონაწილეების სახეები დაფარული ჰქონდა. ავტორი იმუქრებოდა, რომ მალე კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებდა ქართველი მაღალჩინოსნებისა და ერთი პოპულარული ჟურნალისტის ცხოვრებიდან.
„ეს ვიდეო, როგორც ჩანს, 2012 წლის ზაფხულში შეიქმნა, როგორც ეს გამოძიების პროგრესის შედეგად გამოირკვა, რაზეც პრემიერი საუბრობდა. დიახ, ეს ვიდეო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა, რადგან ერთ-ერთ ორიგინალ ვიდეოზე დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხულის თარიღი“, — განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურა ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე აქტიურად მუშაობს და გამოძიებას ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა აქვს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს ანალოგიურ საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააპატიმრა. გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ვინმე გელა ღურწკაიამ მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“–ის დირექტორ ელისო კილაძეს ერთი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. პროკურატურას არ განუმარტავს, რა ხასიათისა იყო ეს კადრები.
ღურწკაია 2016 წლის თებერვალში დააკავეს. სულ საქმეში ხუთი ადამიანი ფიგურირებს, რომელთაგან ოთხი დაპატიმრებულია.