თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა, საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეიდან ქვეყანაში აღორძინების ახალი ეტაპი იწყება.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.
„დღეს ჩვენ ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველომ ჩააბარა ტესტი დემოკრატიაზე, დასძინა პრემიერმა. მან ამომრჩეველს იმ ნდობისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადეს, მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რათა აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე“, — აღნიშნა პრემიერმა.
ხელისუფლება ამომრჩევლის ნდობის გასამართლებლად თავდაუზოგავად იშრომებს, განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომლებიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50 ერთმანდატიანი ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
საქართველოს პარლამენტში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).