თბილისი, 26 ოქტომბერი– Sputnik. ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად თითქოს ის თვლის, რომ შეიძლება აზერბაიჯანმა მარნეულის რაიონი მიიტაცოს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ის პარტიაა, რომელსაც საარჩევნო სიაში აზერბაიჯანელი კანდიდატები ჰყავდა.
„ამის შემდეგ როგორ შემეძლო აზერბაიჯანის შესახებ ასეთი რამ მეთქვა? მთელი დღეა თავის მართლება მიწევს და ამას წერტილი უნდა დაესვას“, — განაცხადა თარხან-მოურავმა „Sputnik აზერბაიჯანთან“.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ, ხოლო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ 100 წელი არ შეიცვლება.
თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის განვითარება ერთმანეთზეა დამოკიდებული.
„ეს ძალზე დადებითი მომენტია და ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს“, — განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
მანამდე Eurasianet-ის ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე სტატია "Georgia: Disillusion with Establishment Fuels Rise of Populism" გამოქვეყნდა.
სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს შეუძლია მარნეულის მიტაცება, თუმცა ეს სიტყვები არა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ დავით თარხან-მოურავს, არამედ ვინმე გიორგი შეშელიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ახსენა.
მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში 3 224600 ადამიანიდან 233 ათასი აზერბაიჯანელია.