საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი: პროვოკატორები უნდა დაისაჯონ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანები
პოლიციის მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ არეულობის მოწყობა მთელ ქვემო ქართლის რეგიონში იგეგმებოდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, დააკავონ საპარლამენტო არჩევნების დღეს მარნეულის რაიონში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოწყობილი არეულობის ორგანიზატორები.

ინციდენტი 8 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ კენჭისყრა მიმდინარეობდა. სოფელ ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არეულობასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანი დააკავეს.

„მე მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, გამოიძიონ, ვინ დგას ამ ახალგაზრდების უკან და ვინ მოუწოდებდა მათ უბნის დარბევისკენ. დღეს ეს ადამიანები დასჯილი არ არიან“, — განუცხადა ბაბაევმა ჟურნალისტებს „კვირის“ პრეს-კლუბში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს: ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ახდენს

მან აღნიშნა, რომ არეულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატების ახმედ იმამკულიევისა და ისრაფილ ბაირამოვის პროვოცირებული იყო.

„20 წელია, პოლიტიკაში ვარ და ამ ორ პარტიას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ“, — განაცხადა ბაბაევმა.

ის ირწმუნება, რომ არეულობა ქვემო ქართლის რეგიონის ყველა საარჩევნო უბანზე იგეგმებოდა.

„ისინი აპირებდნენ ერთ უბანზე დაწყებას, რის შემდეგ პროცესები სხვა უბნებზე და მთელ ქვემო ქართლში უნდა გადასულიყო“, — აღნიშნა ბაბაევმა.

უფრო ადრე შსს-მ მომხდარის დეტალები გამოქვეყნა. სამინისტროს ვერსიით, ენმ-ისა და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები კენჭისყრის დროს №48 საარჩევნო უბანზე შეჭრასა და ბიულეტენების ურნის გატაცებას შეეცადნენ. მათ პოლიციამ შეუშალა ხელი. ამის შემდეგ პარტიების მხარდამჭერები უფრო აგრესიული გახდნენ და პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

დარბევის შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რომელიც თბილისში საავადმყოფოში მოათავსეს და ოპერაცია გაუკეთეს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მარნეულის რაიონში საარჩევნო უბანი სპეცრაზმმა დაიკავა

ვითარება ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანთან სპეცრაზმის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

დიდი ალბათობით, ამ საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგები ბათილად იქნება ცნობილი და ცესკო გამეორებით არჩევნებს დანიშნავს.

დაკავებულები ბრალდებული არიან სსკ-ის ორი მუხლის მიხედვით: „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“ და „საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა“. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოებს ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0